„სანამ პოლიციის კარს არ გაატალახიანებ, საქმეს არ მიხედავენ“ – სკანდალური ფაქტები, რომლებიც კვლავ უყურადღებოდ რჩება

Загрузка...

ცირკის შესასვლელებში საცირკო ნომრების ჩამონათვალი ალბათ ყველას წაგიკითხავთ:  „საუკეთესო საცირკო ნომრები, აკრობატული და საჰაერო ტრიუკები, ძაღლების, ცხენების და სხვა ცხოველების სახალისო გამოსვლები, მომღერალი დათვი, მოცეკვავე სპილო, ლომი, რომელიც ცეცხლში დახტის“ და ხვა მისთანები.  მართლაც, სცენაზე ყველაფერი ლამაზად და იმდენად იდეალურად გამოიყურება, რომ დარბაზი მაყურებლის აღტაცებას ვეღარ იტევს ხოლმე, თუმცა რა იმალება ამ მხიარული სანახაობის მიღმა და რისი გავლა უწევთ ცხოველებს მაყურებლამდე ასე საუცხოოდ წარსადგენად, ბევრისთვის გაუცნობიერებელია.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა კადრებმა, სადაც ჩანს, თუ როგორ ეპყრობიან ცხოველებს საცირკო წარმოდგენების მომზადებისას, მსოფლიოს 15 ქვეყანაში, მათ შორის კოლუმბიაში, ნიდერლანდებში, საბერძეთსა და სხვა ქვეყნებში, შედეგი უკვე გამოიღო და მსგავს ჩვენებებში ცხოველთა მონაწილეობა აკრძალეს. 

როგორც ბლოგერი ნინო ჭელიძე ამბობს, საცირკო წარმოდგენებში ცხოველების მონაწილეობის აკრძალვას, საქართველოშიც ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ემხრობა, თუმცა მანამ ამ ფაქტებს საკანონმდებლო დონეზე გაასაჩივრებენ, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება სურთ.

ნინო ჭელიძე, ბლოგერი, ჟურნალისტი: სანამ საკანონმდებლო დონეზე მივალთ, ჯერ უნდა ავუხსნათ მოსახლეობას რასთან გვაქვს საქმე. მგონი ცხოველთა დაცვის ყველა ორგანიზაცია თანხმდება იმაზე, რომ ცირკში ცხოველების დამცირება ხდება. რამდენიმე წლის წინ იყო ლომმა რომ დატორა კაცი წარმოდგენის დროს , ჩამოყვანილი დასი იყო და მოკვდა ის კაცი. საზოგადოებისთვისაც ცუდია რასაც აკეთებენ და ამ ცხოველებისთვისაც. ამერიკაში იყო შემთხვევები, რომ გაქცეულან სპილოები და მერე კლავდნენ, საშიშები იყვნენ და იმიტომ. ბრიტანეთში ლიცენზიას ითხოვენ ცირკისგან ეგზოტიკური ცხოველების ყოლაზე. ცირკი  საოჯახო გასართობად მიგვაჩნია, სადაც ბავშვებს რეალურად ცხოველების წამებას ვაყურებინებთ. საზოგადოებამ ჯერ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ როცა ცირკის ბილეთს ყიდულობს, ის ძალაუნებურად უწევს მხარდაჭერას საცირკო წარმოდგენებში მონაწილე ცხოველების ჩაგვრას და დამცირებას. შემდეგ უკვე საკანონმდებლო დონეზე უნდა მოვითხოვოთ საცირკო წარმოდგენებში ცხოველების მონაწილეობის აკრძალვა. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ ცირკი უნდა აიკრძალოს. მხოლოდ ცხოველების მოანაწილეობა.

-და რაღა დარჩება ცირკისგან

-ძალიან მცდარი წარმოდგენაა, რომ ცირკი მაშინაა ცირკი თუ ცხოველები გამოჰყავთ, მსოფლიოში არის ბევრი ცირკი, რომელიც ისეთ წარმოდგენას მართავს გაოგნებულს გული გაგიჩერდება. სპეციალური საცირკო დასებია სადაც ცხოველები არ გამოყავთ, არიან აკრობატები, კლოუნები და ისეთი ტექნიკური ეფექტებია ჭკუიდან შეიშლები.

(Cirque du Soleil – არის ოქროს სტანდარტი, თანამედროვე ცირკი ცხოველების გარეშე, სადაც  ნახავთ საუკეთესო მსახიობების, ქორეოგრაფების შესრულებას, სცენას, განსაცვიფრებელი განათებით და რაც მთავარია, დაუვიწყარ შოუს,  ცხოველების გარეშე) wanderlust.co.uk

იურისტი ცირა მამულაშვილი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ცხოველების მიმართ კანონდარღვევას თავს არიდებს და მისი აზრით, ხალხში ცნობიერების ამაღლებასთანე ერთდ, საჭიროა მიმართ დამოკიდებულება შსს-ს წარმომადგენლებშიც შეიცვალოს.

ცირა მამულაშვილი, იურისტი:  ვფიქრობ, სამწუხაროდ იქამდე არაფერი გვეშველება, სანამ თავად საზოგადოება იმას არ გაანალიზებს რა იმალება ამ შოუების უკან. ადრე მაქვს ნანახი ვიდეო თუ როგორ აცეკვებენ დათვს ცხელ დაფაზე, რათა ფეხები სწრაფად ამოძრაოს და იცეკვოს. რა არის ეს თუ არა ცხოველის წამება? ჩვენი ქვეყნის სისხლის სამრთლის კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ცხოველთა წამებისათვის,(259-ე მუხლი), მაგრამ მგონია, რომ ჩვენი ქვეყანა ნებისმიერ კანონდარღვევას ცხოველთა მიმართებაში თავს არიდებს და რეალურად ძალიან ცოტა შემთხვევაა, რომელსაც ყურადღება მიექცა. რეაგირება იქამდე არ ხდება, სანამ ვიღაც ათასჯერ არ მივა პოლიციაში, ათასჯერ არ დაწერს განცხადებას და სამწუხაროა, რომ რეალურად, პოლიციის “კარი უნდა გაატალახიანო” რომ მსგავს საქმეს მიხედონ. მეჩვენება, რომ 259-ე მუხლი მხოლოდ დეკორაციაა ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობისთვის. შსს-მ უნდა აამოქმედოს ამ მუხლით გათვალისწინებული სანქციები, რადგანაც ბავშვი, რომელიც ცხოველის წამებით სიამოვნებას ღებულობს, ჩემთვის კაცის პოტენციური მკვლელია.

ცირა მამულაშვილი, „არა.ჯისთან“ საუბარში, ცხოველების წამების არაერთ ფაქტს იხსენებს და მიიჩნევს, რომ შსს-ს წარმომადგენლებს, მსგავსი ქმედებების მიმართ, არაადეკვატური დამოკიდებულება აქვთ.

„ძაღლს რომ მთვრალი ადამიანი ჯოხით სცემს, შენ ამაზე პოლიციას დასახმარებლად ეძახი და მას სასაცილოდ არ ჰყოფნის შენი აღშფოთება იმის გამო, რომ ძაღლი ქუჩის არის, ასეთმა ადამიანებმა რა პრობლემა უნდა მოგიგვარონ?! რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობებს, საკმაოდ ხშირად ითხოვენ კანონის გამკაცრებას. რა თქმა უნდა ამას წესით აქამდეც უნდა გამოეღო შედეგი, მაგრამ სამწუხაროდ არაფერი იცვლება. ტარდება აქციები, ონლაინ პეტიციებიც დგება კანონის გამკაცრებასთან. თუ რომელიმე კონკრეტული შემთხვევის ჩამდენი პირის დასჯის მოთხოვნით, რომელსაც მართლა ძალიან ბევრი ადამიანი აწერს ხელს, თუმცა საკმაოდ გაიწელა და გაჭიანურდა ეს პროცესი და საბოლოოდ შედეგი არ არის“, – განაცხადა ცირა მამულაშვილმა.

იურისტი თბილისის მერის კახი კალაძის განცხადების საფუძველზე, იმედს გამოთქვამს, რომ ამ მიმართულებით, წელს მდგომარეობა გამოსწორდება.

„იმედი ბოლოს კვდებაო ხომ ამბობენ, ჩვენმა ახალმა მერმა გააკეთა განცხადება ცხოველებზე ზრუნვასთან დაკავშირებით და ახლა სწორედ ამ იმედს ვებღაუჭებით ძალიან ბევრი ადამიანი. იქნებ ავიმაღლოთ ცნობიერება და საკანონმდებლო დონემდე თუ არა, ადამიანურ თვითშეგნებამდე მაინც დავიყვანოთ ეს საკითხი“, -ამბობს იურისტი.

თბილისის მერმა კახი კალაძემ გადაცემა „რეაქციაში“ პირობა დადო, რომ ცხოველების უზრუნველყოფის საკითხს დიდი ყურადრება დაეთმობოდა და ამისთვის საჭირო თანხებიც გამოიყოფოდა.

„მესმის, ეს მართლაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ქალაქში და რა თქმა უნდა, არ მინდა გავიკიცხო, შეიძლება ვიღაცამ თქვას, ადამიანებს მიხედეთ, რა დროს ცხოველებიაო, თუმცა ამ მიმართულებით ძალიან დიდი ყურადღება იქნება. საკმაოდ დიდი თანხები, 3 მილიონია წლიური ბიუჯეტი ამ მიმართულებით და მოხდება ამ თანხების სწორად გამოყენება, რომ უფრო მეტი სასიკეთო საქმე გავაკეთოთ და უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამ მიმართულებას”,-განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ცირკის წარმომადგენლების პოზიციას და მათ კონტრარგუმენტებს, რომლებიც ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე ეჭვებს გაფანტავდა, მათთან საუბრის დაწყების არაერთი მცდელობის მიუხედავად, კომენტარზე  უარი თქვეს.

 

ლელა მდივანი

Загрузка...
Загрузка...